logo
ENG



ევროპის დემოკრატიის ფონდი "უსაფუძვლოს" უწოდებს პაპუაშვილის ბრალდებებს მათ საქმიანობაზე

01 მარ 202420:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/ms13gflaoj5y9ox.png

ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით "უსაფუძვლოს და შეცდომაში შემყვანს" უწოდებს. 

ფორმულამ ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, შეეფასებინათ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელშიც პაპუაშვილმა თქვა, რომ "ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ ამჟღავნებს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში ერევა".

EED-ში ფორმულას კითხვის პასუხად თქვეს, რომ მათი დაფინანსება და საქმიანობა მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას და აღნიშნეს, რომ "არ ცდილობენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ან საარჩევნო პროცესებში ჩარევას".

"ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბოლო დროს წამოყენებული ბრალდება EED-ის საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით.

EED მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო აქტივიზმს და დამოუკიდებელ მედიას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მეთოდით. ჩვენი დაფინანსება და საქმიანობა მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, პლურალიზმის ხელშეწყობას და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას. ჩვენ არ ვცდილობთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ან საარჩევნო პროცესებში ჩარევას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებები უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვანია. EED რჩება ერთგული დაიცვას ერთიანობის, გამჭვირვალობისა და ეთიკური ქცევის სტანდარტები ჩვენს ყველა მცდელობებში. EED-ის წესდების 2.2 მუხლის თანახმად, EED-ს აქვს კონკრეტული მანდატი, მხარი დაუჭიროს პროდემოკრატიულ მოძრაობებსა და აქტორებს, ისევე როგორც ახალბედა ლიდერებს, დემოკრატიულ ნიადაგზე პლურალისტური მრავალპარტიული სისტემის სასარგებლოდ.

ჩვენ გვჯერა, რომ ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ამ სექტორებისადმი მიმართულია გაძლიერების, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის პრინციპებით. EED გააგრძელებს დემოკრატიასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას ჩვენი ღირებულებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა